თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შენგელია, რომელიც ერთ-ერთია იმ ოთხი მოსამართლისგან, რომელთაც აშშ-მ სანქციები დაუწესა, აცხადებს რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მას პოლიტიკური მოტივაცია აქვს.
ირაკლი შენგელია სანქცირების გადაწყვეტილების გასაჩივრებას აშშ-ს შესაბამის ორგანოში აპირებს.
"ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე აუცილებლად გავასაჩივრებ ამას ამერიკის შეერთებული შტატებში, შესაბამის ორგანოში. ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, მის უკან არანაირი მტკიცებულება არ დგას, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ კორუმპირებულია ირაკლი შენგელია. ეს არის უდიდესი დაღი ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და ქვეყნისთვის. კეთილსინდისიერად, მუხლჩაუხრელად მიშრომია და ვყოფილვარ ჩემი ქვეყნის სამსახურში და ის, რომ მე დღეს კორუმპირებულის იარლიყით ვიარო, მე ამას ნამდვილად ვერ შევეგუები,"-აცხადებს ირაკლი შენგელია.
შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ახდენენ მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას.