15 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
"პირველად საქართველოს ისტორიაში, სასამართლო არის ხელისუფლება" - ლევან მურუსიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ ირაკლი შენგელიას მსგავსად, ისიც აპირებს აშშ-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სანქცირებასთან დაკავშირებით.

მურუსიძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს არის პირდაპირი თავდასხმა მართლმსაჯულების სისტემაზე.

"მე მივესალმები ირაკლი შენგელიას პოზიციას ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთან მიმართებაში, აბსურდია კორუფციული ბრალდებების წამოყენება. რა თქმა უნდა, ეს უნდა გასაჩივრდეს აშშ-ს სასამართლოში. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით დაგვჭირდება პროცედურებში გარკვევა და ჩახედვა. მივაწოდე მე პრემიერს ყველანაირი ინფორმაცია.

რეალურად, რაც ხდება ახლა ჩვენთან მიმართებაში და, ზოგადად, სასამართლო სისტემაში, ეს არის პირდაპირი თავდასხმა მართლმსაჯულების სისტემაზე. საუბარია მოსამართლეებისთვის მესიჯის გაგზავნაზე, რომ თუ ჩვენ, მოსამართლეები, არ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ამერიკის ელჩისთვის, საელჩოსთვის არის მისაღები, მათი მხრიდან განხორციელდება ამდაგვარი ზეწოლა, რაც განხორციელდა ჩემზე.

მინდა მოვუწოდო, პირველ რიგში, ჩემს კოლეგებს იყვნენ მშვიდად. არავინ ისე მძიმე მდგომარეობაში არ არის, რეალურად, მორალური ტერორით, ზოგადად, წლების განმავლობაში, რაც ხდებოდა პირადად ჩემს წინააღმდეგ, პირადად, ვთქვათ, მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ, ვინც არიან დასანქცირებულები, მაგრამ მერწმუნეთ, ვდგავართ მაგრად, არ გვეშინია არაფრის.

პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება, კარგი მოსამართლეები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არასოდეს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს არ ჰყოლია სასამართლო, როგორც ხელისუფლება. ზუსტად ამაზე იყო გათვლა, როდესაც ფიქრობდნენ, რომ როცა დაასანქცირებდნენ მოქმედ მოსამართლეებს, ჩვენ ავს ჩავღუნავდით, რადგანაც კორუფციის იარლიყს მოგვაკრავდნენ, ვენ ვერ გავბედავდით, რომ ხმამაღლა გველაპარაკა,"- აცხადებს ლევან მურუსიძე.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ახდენენ მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას.

 
დღის ამბები