15 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში პოზიტიური ცვლილებების დასტურად, მმართველი გუნდი სტატისტიკურ მონაცემებს ასახელებს

2012 წლის შემდეგ, სასამართლო სისტემაში ვითარების პოზიტიურად შეცვლის დასადასტურებლად, მმართველ პარტიაში კონკრეტულ მონაცემებს ასახელებენ და მათი განმარტებით, სტატისტიკა ასეთია: 2012 წლიდან დღემდე მართლმსაჯულების სისტემაში, 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა და განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი. 160%-ით გაიზარდა არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი. 70%-ით შემცირდა არასრულწლოვან მსჯავრდადებულთა რიცხვი. 25,000-ით შემცირდება იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ. 11-ჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა.

სასამართლო სისტემაში ცვლილებებს არც ოპოზიციაში უარყოფენ, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს უჭირთ მართლმსაჯულების რეფორმირების ოთხი ტალღიდან სასარგებლო გადაწყვეტილებების გახსენება. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, 2012 წლამდე არსებული კლანი, "ქართული ოცნების" პირობებში უფრო გაძლიერდა.

ციფრები და მონაცემები არ ტყუიან - მოძრაობა "ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ სტატისტიკა და მოქალაქეების ნდობა სასამართლო სისტემისადმი რადიკალურად განსხვავებულია იმ პერიოდთან შედარებით, როცა ხელისუფლების სათავეში "ნაციონალური მოძრაობა" იმყოფებოდა.

სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. მმართველ პარტიაში, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებლისა და გამამტყუნებელი განაჩენების მნიშვნელოვანი კლება - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მაჩვენებელია.

სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ მართლმსაჯულებაში რეფორმები გაგრძელდება და სასამართლო სისტემა უფრო დამოუკიდებელი გახდება.

დღის ამბები