რადიკალურ ოპოზიციას სურს, რომ გაასამართლოს სასამართლო. ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოში, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში, მიუღებელი იქნებოდა, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას გაესამართლებინა სასამართლო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
თალაკვაძის განმარტებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა რადიკალურ ოპოზიციას რამდენიმე მიზნით სურს, მათ შორის, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ხელის შეშლაა. მისი თქმით, ოპოზიციის სურვილი, ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირებაში, წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე ევროპაში მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის პრინციპებთან.
"რასაკვირველია, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა რადიკალურ ოპოზიციას აინტერესებს რამდენიმე მიზნით, რომ ხელი შეუშალონ ევრორეკომენდაციების შესრულებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას, შური იძიონ იმ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, ვინც მათი პოლიტიკური ლიდერები გაასამართლა და ეს იყო სრულიად სამართლიანად, როგორც ეს შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა. ასევე მათ სურთ, გარკვეული გავლენა მოიპოვონ სასამართლოზე და ჩაერიონ სასამართლოს დამოუკიდებლობაში. სწორედ ამით აიხსნება ის ანომალია და აბსოლუტური გაუგებრობა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე, ევროპაში მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან. კერძოდ, რადიკალურ ოპოზიციას სურს, რომ გაასამართლოს სასამართლო. ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოში, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში, მიუღებელი იქნებოდა, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას გაესამართლებინა სასამართლო. სასამართლო არის საქართველოს სახელმწიფო სისტემის ნაწილი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საჯარო ინტერესებს." - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისი განცხადებით, ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს სახელმწიფოს ინტერესებს და ოპოზიციას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ჩარევის და გავლენების მოპოვების შესაძლებლობას არ მისცემს.
"ჩვენ ვართ ხელისუფლება და ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, მათ შორის, ისეთი ჩარევებისგან, როგორიც ამ შემთხვევაში უნდა რადიკალურ ოპოზიციას. წამით მაინც, ვინმე მცირედით რომ იყოს დარწმუნებული, რომ მართლაც სურთ სიმართლის დადგენა და არა სასამართლოს დისკრედიტაცია და საქართველოს დაზიანება ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს, რომელიც ევროპამ უნდა მიიღოს, რასაკვირველია, ჩვენ მათ ამ კამათში გავყვებოდით. მათაც ადვილად შეუძლიათ წაიკითხონ ყველა მონაცემი, რომელიც ადასტურებს, რომ დღეს, საქართველოს აქვს ბევრად უკეთესი, დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო, ვიდრე მაშინ ჰქონდა, როცა ჩვენ ხელისუფლება გადმოვიბარეთ. ახლა ეს ადამიანები სასამართლოს შეფასებას ითხოვენ, რაშიც არსებული მძიმე დესტრუქციული კონტექსტი რომ არ იყოს, ეს იქნებოდა პოლიტიკური ანეკდოტი.“ - განაცხადა თალაკვაძემ.