ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამერიკის მთავრობის ბიუჯეტის საკითხები და 2024 წლის გეგმები განიხილებოდა, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა კითხვა საქართველოსთან დაკავშირებით დასვა.
სენატორს აინტერესებდა, არის თუ არა შესაძლებელი საქართველოში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა.
"რაც ჩვენ ახლა ვიხილეთ, ის არის, რომ საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ. ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და მხარს დავუჭერთ ამ არჩევნებს და გავგზავნით დამკვირვებლებს არჩევნებზე. შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს, თუ არა USAID გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოს მხარდასაჭერად?“ - აღნიშნა ჯინ შაჰინმა.
სხდომაზე ამერიკელი კანონმდებლები USAID-ის ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს უსმენდნენ.
"მე ჯერ არ ვიცი როგორი იქნება ეს პროგრამა, მაგრამ მთელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს უკიდურესად შემაშფოთებელია. მეორეს მხრივ, ეს უკანდახევა გვაჩვენებს სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამყარონ საკუთარი კურსი ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის გააგონონ მათი ხმა. და მე ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს,“ - განაცხადა სამანტა პაუერსმა.