20 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა უმანში ფრთოსანი რაკეტით იერიში საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს - 20 დაღუპულიდან 2 მცირეწლოვანია

20 დაღუპული, მათ შორის 2 მცირეწლოვანი და 18 დაშავებული უკრაინაში. რუსმა ოკუპანტებმა უმანში ფრთოსანი რაკეტით საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს იერიში. შედეგად 1 სადარბაზო, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, მიწასთან არის გასწორებული. ავარიულ მდგომარეობაშია კორპუსის დარჩენილი ნაწილი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ოპერაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს.

უმძიმესი მდგომარეობაა დნიპროში. აგრესორმა აქაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტები გაოიყენა. კერძო სახლის აფეთქების შედეგად დაიღუპა 31 წლის ქალი და მისი 2 წლის შვილი. 15 დაშავებული ქალაქის საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაშია. დაზიანებები ერთ-ერთი საწარმოს აფეთქების შედეგად მიიღეს.

13 წლის ბავშვი დაშავდა კიევის ოლქში. ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 და მე-6 სართულები დააზიანა. ჯამში, გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა სხვადასხვა მიმართულებით 23 რაკეტა გაისროლეს. მათგან 21 საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ფიქრობენ, რომ მასშტაბური სარაკეტო იერიშით ძირითადი მიზანი მიღწეულია. კერძოდ, ოკუპანტი სახელმწიფოს ძალოვანი უწყება აცხადებს, რომ განადგურებულია უკრაინელი რეზერვისტების მობილიზაციის პუნქტები. სამოქალაქო პირების სიკვდილი განცხადებაში ნახსენები არ არის.

სამაგიეროდ, კრემლის პროპაგანდისტული მედია კიევს ოკუპირებული დონეცკის დაბომბვას აბრალებს, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, ერთი რაკეტა სამარშრუტო ტაქსს მოხვდა. ხოლო მეორე, სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქდა.

პარალელურად, მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ვითარება იყო ბახმუტში, მარიინკასა და ავდიივკას მიმართულებით. უკრაინელმა სამხედროებმა საოკუპაციო ძალის 70-მდე შეტევა მოიგერიეს.

საპასუხოდ ავიაციამ აგრესორის კონცენტრაციის უბნებზე წერტილოვანი დარტყმები განახორციელა. გენერალური შტაბის უკანასკნელი მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში 700-მდე ოკუპანტი გაანეიტრალეს. აფეთქებულია რუსული არმიის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 3 ტანკი, 7 ჯავშანმანქანა და საბრძოლო მასალის 2 საცავი.

დღის ამბები