თბილისის საქალაქო სასამართლოში მომღერალ აჩიკო მეფარიძის პროცესი გაიმართა. პროკურატურა მეფარიძეს ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარას ედავება. სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა. მას ახალი ადვოკატი ჰყავს, რის გამოც დაცვის მხარემ პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა, კიდევ ერთი შუამდგომლობა კი საქმეში ახალ მტკიცებულებებს ეხებოდა. მომდევნო სხდომა ხვალ გაიმართება.
"ლელა ამჟამად იმყოფება გერმანიაში. ძალადობის აქტის შემდეგ იცით, რომ ყური დაუზიანდა და წასულია ამ პრობლემიდან გამომდინარე, ექიმთან ვიზიტზე. მისი პოზიცია არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ითხოვს მოძალადის კანონის ფარგლებში უმკაცრეს სასჯელს," - განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორის თამარ ყულჯანიშვილის თქმით, სასამართლომ სასამართლო სხდომა ხვალისთვის გადადო.
"დაცვის მხარემ დღეს გააჟღერა არა ერთი მიზეზი, აბსოლუტურად უსაფუძვლო, რომ გადაედო სასამართლო სხდომა, თუმცა ბრალდების მხარემ გასცა არგუმენტირებული პასუხი მათ შუამდგომლობას და შესაბამისად სასამართლომ პირველ ეტაპზე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, როდესაც ბრალდების მხარემ წარმოთქვა შესავალი სიტყვა, შემდგომში დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მას სჭირდებოდა დამატებითი დრო შესავალი სიტყვის მოსამზადებლად და სწორად ამ მოტივით გადადო სასამართლომ სასამართლო სხდომა ხვალისთვის," - აცხადებს პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი.
მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი ოფიციალურად გასული წლის 28 აპრილს წარედგინა. მას შეფარდებული აქვს გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით.