აპრილში წლიური ინფლაცია 2.7 პროცენტი იყო- წინა თვესთან შედარებით კი სამომხმარებლო ფასები 0.7%-ით შემცირდა.
მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს- სტატისტიკის სამსახური ირწმუნება რომ ინფლაციის ასეთი დაბალი ნიშნული რამდენიმე წელია არ დაფიქსირებულა. ეკონომიკის ექსპერტების პროგნოზით წლის ბოლომდე მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნების შემთხვევაში, ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო დაიწევს.
პოზიტიური პროგნოზის საფუძველს სახელისუფლებო გუნდს საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები აძლევს. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი 0,7 პროცენტით შემცირდა, წლიური ინფლაციის დონემ კი 2,7 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციის ასეთი დაბალი ნიშნული უკვე წლებია არ დაფიქსირებულა. წლიური მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიერ პროგნოზირებულ 3%-ს ჩამოსცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე არაერთი მიმართულებით სამომხმარებლო ფასების კლების ტენდენცია მიმდინარეობს. ზეთი, ცხიმი, რძის პროდუქტები, პური, ბოსტნეული - წინა თვესთან შედარებით ფასების დასტაბილურების პროცესი, სხვადასხვა ოდენობით, ყოველდღიური მოხმარების არაერთ პროდუქტს შეეხო.
პოზიტიური დინამიკა მოულოდნელი არ ყოფილა ეკონომიკის ექსპერტებისთვის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციის დონის შემცირება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
ანალიტიკოსების პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის ფონზე, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.