ე.წ. ქოლცენტრების საქმეში ახალი მისამართი და ახალი გვარები ფიგურირებს - სანამ გამოძიება აღმაშენებლის 75 ნომრიდან წაღებულ მასალებს სწავლობს, საქმესთან კავშირში რამდენიმე პირი სახელდება. მათ შორის, გიორგი ვაშაძისა და დავით არახამიას ძმები.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები ოფისების დალუქვის შემდეგ ერთმანეთისგან განსხვავებულ კომენტარებს აკეთებდნენ. პაატა მანჯგალაძემ ჯერ დაადასტურა რომ ფართი, სადაც სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, არა ოფისი, არამედ საწყობია და გიორგი ვაშაძის პარტია მას 5 წელი ძველი კომპიუტერების შესანახად იყენებდა. თუმცა, დალუქულ ოფისთან კავშირი გამორიცხა თავად ვაშაძემ. მეტიც, თქვა რომ, შესაძლოა, მანჯგალაძემ სხვა ოფისი იგულისხმა.
გაუგებრობასთან დაკავშირებით დღეს განმარტება გააკეთა პაატა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია და რეალურად, საუბარი სრულიად სხვა შენობაზეა.
"მე როცა ტრიბუნასთან ვიდექი და მაჩვენა ჟურნალისტმა ამოღებული კომპიუტერების პირდაპირი ეთერი აღმაშენებლის ოფისიდან, ჩავთვალე, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისიდან ამოიღეს კომპიუტერი. რეაქციაც მქონდა ბუნებრივი. მე არ მქონდა სწორი ინფორმაცია და ჩვენს ოფისზე არაა საუბარი, აბსოლუტურად სხვა შენობაზეა. ეს არის გიორგი ვაშაძისთვის დასაზიანებელი მიზანმიმართული კამპანია და არანაირი ინტერესი არც გიორგი ვასაძეს, არც მის ძმას ქოლცენტრებთან არ აქვთ. მითუმეტეს, პირიქით - გიორგი ვაშაძე ითხოვდა საგამოძიებო კომისიის შექმნას და ახლაც ითხოვს,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ სრული პასუხისმგებლობა ამგვარ დანაშაულებზე ეკისრება ხელისუფლებას.
"უნდათ, რომ კონკრეტულ სახელებს და გვარებს დაუკავშირდნენ. საზოგადოებას ასეთი მარტივი ტყუილებით ვეღარ მოატყუებენ. სრული პასუხისმგებლობა ყველა ასეთ უმძიმეს დანაშაულზე, ცხადია, ეკისრება ხელისუფლებას. დედაქალაქი აქციეს ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად. თუ ასე არ არის, ოპოზიცია თავად ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას და გაურბიან ამას, არ უნდათ და როგორ შეიძლება - ჩვენ ვითხოვთ რომ გამოვიძიოთ, დავდოთ მტკიცებულებები, ისინი ამბობენ, რომ არა, არ გამოვიძიოთ, არ გვინდა გამოძიება. შესაბამისად, ვისაც ეშინია გამოძიების, ცხადია, კიდევ ერთი დასტურია, მხოლოდ მას აქვს ინტერესი ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულში,"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.