უმრავლესობა, ოპოზიციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის საკუთარი კანდიდატების დასახელებას სთავაზობს. როგორც უმრავლესობის სხდომის შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ამისთვის ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს ვადა დღის ბოლომდე აქვს.
ფრაქციის თავმჯდომარემ, უმრავლესობის პოზიციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მათთვის წარმოდგენილი კანდიდატებიდან კრიტერიუმებს დაახლოებით 15 აკმაყოფილებს. მდინარაძე კონსენსუსის საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას.
"მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან, 15-მდე კანდიდატი აკმაყოფილებს, როგორც კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს. ეს კარგად გამოჩნდა მათთან გასაუბრების დროს. ჩვენი პოზიციით, არ შევზღუდავთ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვთავაზობთ მათ, ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს, მოკლე დასაბუთებით წარმოადგინონ მათთვის მისაღები კანდიდატები ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.