პარლამენტმა დღეს განათლების მინისტრს მოუსმინა - გიორგი ამილახვარი საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიბარა. მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება.
"ინტერპელაციის რეჟიმი წარვმართოთ პოლიტიკური დისკუსიების გარეშე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთთან 9 და 11 წლის შეხსენება და ვისაუბრებთ კონკრეტულად იმაზე, თუ რა ხდება უფასო კვებასთან დაკავშირებით საჯარო სკოლებში მაშინ, როდესაც ყველა და განსაკუთრებით ბოლო კვლევით, საჯარო სკოლებში ბავშვების 35% ამბობს, რომ განიცდის სრულ შიმშილს; 77% ამბობს, რომ განიცდის ნაწილობრივ შიმშილს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ვიმუშაოთ ერთად," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ანა წითლიძე.
ანა წითლიძის კითხვას საბავშვო კვებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა უპასუხა. გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ჯერ საჭიროა რიგი ნაბიჯების გადადგმა, როგორიც არის მაგალითად სასკოლო ინფრასტრუქტურის საკითხი.
"სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ საკმაოდ კარგი კვლევითი უნარები გქონიათ. კარგი იქნებოდა ჩემი პარლამენტში ყოფნის დროს ჩვენთან ერთხელ შემოგეხედათ კომიტეტში, რომ ამ საკითხებზე გვემსჯელა და ერთად გვემუშავა, ვინაიდან კომიტეტი მუშაობს ამ საკითხზე და რა თქმა უნდა გააგრძელებს ამაზე მუშაობას.
იმისთვის, რომ ჩვენ მოვაგვაროთ კვების საკითხი სკოლებში, საჭირო იყო და არის გადაგვედგა ჯერ სხვა რიგი ნაბიჯები. კერძოდ, უნდა მოვაგვაროთ და მოსაგვარებელია სასკოლო ინფრასტრუქტურის საკითხი, არ დავუბრუნდები აქვე ჩვენი შეთანხმების შესაბამისად წარსულ მდგომარეობას, მხოლოდ გეტყვით იმას თუ რა მიმდინარეობს ახლა. თქვენ მოგვმართეთ კითხვით და ჩვენ გიპასუხეთ კიდევაც, მაგრამ საზოგადოების გასაგონად გავიმეორებ, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იცით, რომ უკვე ფრონტი გაშლილია მთელ საქართველოში და დაწყებულია 800 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის უდიდესი ისტორიული პროექტი. მსგავსი მიმდინარეობს ბაღების ნაწილში. გარდა, ამ 800 სკოლის პროექტისა, დაახლოებით 270-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია პარალელურად მიმდინარეობს ასევე სხვადასხვა დონორების ჩართულობით და სხვადასხვა დაფინანსების წყაროებით," - აცხადებს განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი.