ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი პარლამენტში ე.წ. ქოლცენტრების საკითხზე დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. დარბაზში მყოფმა უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია ამჯერადაც არ გაიარეს, რის გამოც კენჭისყრისთვის საჭირო კვორუმი ვერ შედგა.
ე.წ. ქოლცენტრების თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა ურთიერთბრალდებების, კამათისა და ერთმანეთისთვის პოლიტიკური წარსულის შეხსენებით მიმდინარეობდა. კომისიის შექმნის ინიციატორები კოლეგებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ და იმასაც ამტკიცებდნენ, რომ შესაბამის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად გიორგი გახარიაც მზად იყო. სხდომაზე ყოფილ პრემიერთან დაკავშირებულ ეჭვებზე მმართველი გუნდის დეპუტატები საუბრობდნენ.
კომისიის შექმნას საპარლამენტო უმრავლესობა არ ეთანხმება. აცხადებენ, რომ ოპოზიციის ინტერესია დაიცვას დავით კეზერაშვილი და ამით მიმდინარე გამოძიებას ხელი შეუშალოს. სხდომათა დარბაზში საპირისპირო ბრალდებები ისმოდა მათი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დეპუტატებმა პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა ყველაზე მეტი შეკითხვა დაუსვეს, "ქოლცენტრების" შექმნის პერიოდს უკავშირდებოდა.
პროექტი პოლიტიკურმა ჯგუფმა “საქართველოსთვის“ მოამზადა. იმისთვის, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.