სამი დღე 26 მაისის დღესასწაულამდე - დედაქალაქში ინტენსიური სამზადისია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მოსამზადებელი სამუშაოების გამო დღეს ღამის 12 საათიდან სრულად შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე.
ასევე, გადაადგილება აიკრძალება რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე. მანქანები იმოძრავებენ ბარათაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მიმართულებით.
მთაწმინდიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩის გავლით, გორგასლის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა აიკრძალება მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ასეთი რეჟიმი ქალაქში 26 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება.