15 ნოემბერი 2024,   12:18
ვრცლად
ხავიერ კოლომინა საქართველოშია - ნატოს გენერალური მდივნის წარომადგენელი შეხვედრებს იწყებს

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოშია. ხავიერ კოლომინა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და პარლამენტის წევრებს შეხვდება. ოპოზიცია შეხვედრისას ყურადღებას 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე გაამახვილებს.

"ასეთი ვიზიტები საქართველოს მიმართ, განგრძობადი საერთაშორისო ყურადღება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველო გადამწყვეტ მომენტშია. შეხვედრაზე რა თქმა უნდა ვიქნებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი,  ანა ნაცვლიშვილი.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ყურადღება გამახვილდება ქვეყნის უსაფრთხოებაზე, საქართველო- ნატოს ურთიერთობაზე და მომავალში დაგეგმილ ნატოს სამიტზე.  

"მას შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს და განვიხილოთ საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და საქართველო-ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვანი თემები,“ - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.

 

ავტორი: მაია გრიგოლია. 

 

დღის ამბები