24 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
სამართალდამცველებმა ფოთის პორტში 80 კილომდე ჰეროინი ამოიღეს - მასშტაბური ოპერაცია "კურიერის" კამერამ ექსკლუზიურად გადაიღო

ნარკოტრაფიკში ბრალდებული ირანელი მძღოლი ქართულ ციხეშია. 62 წლის ბაჰმან ტეიმოური ქვეყანაში 80 კილო ჰეროინის უკანონო შემოტანის, შეძენისა და შენახვის ბრალდებაზე ჯერ ისევ დუმს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან ევროპისთვის განზაღვრული დიდი ოდენობით ნარკოტიკი ირანიდან სატვირთო ავტომობილით ჯერ სომხეთის საზღვარზე გადაიტანა. საზღვარი გადმოლახა საქართველოშიც და გეზი ბათუმისკენ აიღო.

გაირკვა, რომ ის ტრაილერში საგულდაგულოდ დამალული ჰეროინის წაღებას ბათუმიდან ბორანის გამოყენებით, ბულგარეთში აპირებდა. ბაჰმან ტეიმოურის სატვირთო ბათუმში საეჭვოდ ჩათვალეს და ფოთის პორტში გადაიყვანეს. სკანირებისას ერთი შეხედვით ცარიელი ტრანსპორტის უკანა 2 კარში სამართალდამცველებმა 315 პაკეტად დაფასოებული ჰეროინი აღმოაჩინეს. შემოწმება გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

მასშტაბური ოპერაცია ფოთის პორტში რამდენიმე დღის წინ, "კურიერის" კამერამ ექსკლუზიურად გადაიღო. ირანის მოქალაქეს მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ხელბორკილები პორტის ტერიტორიაზე დაადეს. ბრალდებულმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. ბაჰმან ტეიმოური სასამართლოში 10 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, პატიმრობაში დატოვა. ადვოკატის მტკიცებით, დაკავებული კომპანიის დაქირავებული მძღოლია, რომელმაც სატვირთო ავტომობილში დამალული ჰეროინის შესახებ, არაფერი იცოდა.ბრალდებულის უფლებადამცველი არ ასახელებს ორგანიზაციას,ვისაც მძღოლი ემსახურებოდა

როგორ გადმოკვეთა საზღვარი 80 კილო ჰეროინით და ჰყავდა თუ არა მოკავშირეები საქართველოში - ამ მიმართულებით გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საქართველოში აღკვეთილ ნარკოტრეფიკის ფაქტს სომხური და აზერბაიჯანული მედიაც გამოეხმაურა. წარმატებულ ოპერაციას ვრცელი სტატიები მიეძღვნა.

ფოთის პორტში ჩატარებული ღონისძიება ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ-ერთი წარმატებული ოპერაცია. მანამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობით, საქართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბელგიელმა და ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა ანტვერპენის პორტში ორ ეტაპად ამოიღეს 1 ტონა და 660 კილოგრამი ჰეროინი. ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობით ანტვერპენში ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებას მსოფლიო მედიაც გამოეხმაურა.

ფოთის პორტში ამოღებული 80 კილო ჰეროინის საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ბაჰმან ტეიმოურის საქმის განხილვა კი, 12 ივლისს დაიწყება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები