მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმი დასრულებულია. კანდიდატის სტატუსი, უსაფრთხოების საკითხები რეგიონში, უკრაინის მხარდაჭერა და მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში,- საქართველოს პრემიერი კიშინიოვში ამ გზავნილებით ჩავიდა.
სამიტი ევროკავშირის არა წევრ ქვეყანაში პირველად ჩატარდა. მოლდოვის დედაქალაქში შეკრებილმა 47-ი ქვეყნის და ევროპული ორგანიზაციების პირველმა პირებმა, უკრაინაში რუსულ აგრესიაზე, ევროპის ენერგეტიკულ სტაბილურობასა და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე იმსჯელეს.
სამიტს ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში, რომლის სახელწოდება "უსაფრთხოება" იყო.
მრგვალი მაგიდის მოდერატორები, ბრიტანეთის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები იყვნენ. ლიდერებმა ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. დისკუსიის ფარგლებში აქტუალობა არ დაუკარგავს საქართველოს საკითხს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ პარტნიორებთან სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. თქვა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული არაერთი ნაბიჯით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. პრემიერი კიშინიოვში ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
"ლიდერებს ჰქონდათ შესაძლებლობა ესაუბრათ იმ ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციასა და მომავალზე, რომლებიც იღვწიან და რომელთა საგარეო პოლიტიკაშიც ევროპული ინტეგრაცია არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შარშან საქართველოს პრემიერი თავად თანათავმჯდომარეობდა დისკუსიას, წელსაც მას ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ძალიან საინტერესო მრავალი მაგიდის განხილვაში მონაწილეობა", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.