"ცხადია მშვიდობიანი გზა არის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ წაგვიყვანს და ამას ალტერნატივა არ გააჩნია, ვინაიდან უნდა მოხდეს ასევე დიდი შერიგება და ეს არის მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მიღება ქვეყანაში პოლარიზაციის პროცესს დაასრულებს.
"კანდიდატის სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციის პროცესს ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, თუნდაც ამ თვალსაზრისით. მას შემდეგ რაც ევროკავშირის მხრიდან ევროპული პერსპექტივა მოგვეცა, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საკითხით სპეკულაცია დაიწყო. გვახსოვს ისიც, როცა ევროპულ პერსპექტივაზე რადიკალური კამპანიის აგორება სცადეს," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით კი, ოპოზიცია ცდილობს რეალობა დაამახინჯოს და წარმოაჩინოს, თითქოს ქვეყანაში საგარეო ვექტორები იცვლება, თუმცა, პრემიერ-მინისტრი მაღალი ტრიბუნიდან მკაფიოდ საუბრობს, რომ საქართველოს არჩევანი არის ევროპისკენ მიმართული.