2023 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა - მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ინფლაციის დონე მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და უკვე ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს 3%-ს.
საქსტატის მონაცემებით, ხილზე, თევზზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, ხოლო რძის პროდუქტებზე, ზეთზე, ბოსტნეულზე, პურსა და შაქარზე შემცირდა.
ამავე ინფორმაციით, საქართველოში 2022 წლის მაისის შემდგომ ინფლაციის შემცირების ტენდენცია დაფიქსირდა.
"წინა თვესთან შედარებით წლიური ინფლაცია დაახლოებით 1.2% პუნქნტით არის შემცირებული. მათ შორის ფასების შემცირება ფიქსირდება ჯანდაცვის, ტრანსპორტის დ კომუნიკაციების სექტორებში. აღსანიშნავია, რომ საქართველომ უკვე შეძლო და დაძლია ინფლაციური გამოწვევა, რაც ჯერ კიდევ დანარჩენი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მათ შორის, ფართო რეგიონის და ევროპის ქვეყნებში ვხედავთ, რომ ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლები ფიქსირდება და ზოგადად, ამ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მიმდინარეობს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველომ უკვე დაიწყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა და წინა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11-დან 10.5%-მდე," - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.