15 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ, თუმცა საკვანძოდ მნიშვნელოვანია, წლის ბოლომდე დარჩენილ დროში პროგრესი იქნას მიღწეული - ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პრემიერ-მინისტრის ვიზიტებს ევროპის ქვეყნებში მიესალმება. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველო ახლა ევროინტეგრაციის გზაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზეა, რა დროსაც უმნიშვნელოვანესია ინტენსიური დიალოგი ევროკავშირის ლიდერებთან, იმისთვის, რომ წლის ბოლოს 27-ვე სახელმწიფომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

თავად ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა გონივრულად გამოიყენოს წლის ბოლომდე დარჩენილი ვადა.

"როგორც ყველამ ვიცით, საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ის გზაჯვარედინზე დგას, ამიტომაც ინტენსიური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის უმნიშვნელოვანესია. მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში და მათ შეხვედრებს ამ ქვეყნების ხელმძღვანელობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი იყოს მაქსიმალურად ინტენსიური, რათა დავრწმუნდეთ, რომ წლის ბოლოს 27-ვე ქვეყანა საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მოგეხსენებათ, ამ მომენტში ევროკომისია საქართველოს შემთხვევაში პირველად ამზადებს გაფართოების ანგარიშს. ის ოქტომბერში გამოქვეყნდება და რეკომენდაციებსაც გულისხმობს. უკვე შემდეგ კი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები წლის ბოლოს უმაღლეს დონეზე შეხვდებიან და გადაწყვეტენ თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი საქართველოს აპლიკაციასთან დაკავშირებით.

ჩემი აზრით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ, თუმცა საკვანძოდ მნიშვნელოვანია წლის ბოლომდე დარჩენილ დროში პროგრესი მიიღწეს, კარგად გამოიყენოთ ეს პერიოდი 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით," - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები