15 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს შეუძლია "ნაციონალური მოძრაობის" ხმების მობილიზება, ამომრჩეველი ძირითადად სააკაშვილის ფაქტორის გამო უჭერს მხარს ენმ-ს - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრემიერობის კანდიდატად დაასახელოს. განცხადება მან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა პარტიის ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძის შეფასებით, ეს ბუნებრივიცაა, რადგან ენმ-ის ამომრჩევლის მობილიზება ძირითადად მიხეილ სააკაშვილზეა დამოკიდებული.

"სრულიად ბუნებრივი იქნება, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია "ნაციონალური მოძრაობის" ხმების მობილიზება. უბრალოდ როგორი აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე ამასთან დაკავშირებით ახლა ინფორმაცია არ მაქვს და არც ვრცელდება, ამიტომ ვერ გეტყვით... ეს უკვე "ნაციონალური მოძრაობის" გადასაწყვეტია და თვითონ მიხეილ სააკაშვილის. ამომრჩეველი ძირითადად მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო უჭერს მხარს "ნაციონალურ მოძრაობას," - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება თავად ენმ-ის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა. მისივე შეფასებით, "სააკაშვილს ნამდვილად არ სჭირდებოდა არასოდეს და არც ახლა თანამდებობა იმისთვის, რომ იბრძოლოს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის."

"ამ ეტაპზე, ყველასთვის პრიორიტეტი უნდა იყოს, პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა, მისი გადარჩენა და მისი გათავისუფლება. მას შემდეგ, რაც ეს უმთავრესი მიზანი მიღწეული იქნება, მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს და როლს ქვეყნის პოლიტიკაში. დარჩება ის საქართველოში, დაბრუნდება ის უკრაინაში. ფაქტია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ნამდვილად არ სჭირდებოდა არასოდეს და არც ახლა, თანამდებობა იმისთვის, რომ იბრძოლოს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ამგვარი თანამდებობა მას უკვე ჰქონდა უკრაინაში, რომელიც დატოვა და ჩამოვიდა აქ, ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად და რა ფორმით მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას, ეს უმთავრესად მისი გადაწყვეტილება და მისი პრეროგატივაა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები