საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა და პოლიტიკური შეფასებები - ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია და საგულისხმოა, ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს მოქალაქეების ისტორიულ არჩევანს დაიცვან.
"გერმანია არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში. ასევე, მას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ბოლო პერიოდის განმავლობაში და ჩართულია საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით, პირადად, შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ბუნდესტაგის დელეგაცია იყო საქართველოში და მეც პირადად შევხვდი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კონტექსტში, საქართველოს მოქალაქეების არჩევანის დაცვა ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის ძალიან საგულისხმო," - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე კი ვარაუდობს, რომ პრემიერისა და შოლცის შეხვედრის დროს, დახურულ კარს მიღმა დაისმებოდა ყველა ის კითხვა, რაც პარტნიორებს აქვთ საქართველოს მიმართ.
ცნობისთვის, ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს, საათნახევარს გაგრძელდა. ისაუბრეს რეგიონის უსაფრთხოების, ევროპული პოლიტიკის საკითხებზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო ევრო ინტეგრაციის მიმართულებით დგამს. კანცლერის ოფისი აცხადებს, რომ გერმანია ევროკავშირის გზაზე, საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს და ისევ მოუწოდებს თბილისს, რეფორმები მაქსიმალური მონდომებით განახორციელოს. კანცლერი და პრემიერი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო კონტაქტს და ღია საუბარს სასურველი შედეგისთვის. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფედერალური კანცლერი საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს ყოველთვის უჭერდა, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა, შოლცს მადლობა გადაუხადა. კანცლერმა ასევე მოისმინა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკა და ამ კუთხით განხორციელებული რეფორმები.