პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით, საქართველო გაცილებით წინ არის, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი მიიღეს.
"ჩვენ ევროკავშირისვე გამოქვეყნებული კრიტერიუმებით გაცილებით წინ ვართ, ვიდრე ის ქვეყნები, ვინც მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ დიახ, დავიჩაგრეთ. რატომ და რისთვის, მოდი, საზოგადოებას მივანდოთ ამის განსჯა. მაგრამ, რადგან ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვილაპარაკოთ, რომ ეს არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. ეს დაადასტურა ევროკავშირმაც თავისი გამოქვეყნებული კრიტერიუმებით და ეს იმ ფაქტმა დაადასტურა პირველ რიგში, რომ სნგ-ში მყოფი ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს და საქართველო, რომელიც პირნათლად ასრულებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვერ იღებს კანდიდატის სტატუსს და ეს ძალიან კარგი იყო, მაგრამ იღებს მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას. ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება და წელსაც, სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავ რომ ასე მოხდეს, თუმცა მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ასეთი დამოკიდებულება ჩვენი მეგობრების მხრიდან აღარ უნდა იყოს, არ ვიმსახურებთ და არ ვიმსახურებდით არასდროს. იმიტომ რომ ვართ მართლები ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რიტორიკისთვის თუ ვინმემ უნდა დაგვსაჯოს, ეს არ იქნება სამართლიანი და ვფიქრობ, რომ არ უნდა დავისაჯოთ და არ უნდა დავიჩაგროთ,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.