"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზურაბ ჯაფარიძის მიერ, წლების წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძე არის უცხოელი აგენტი და მისგან ორმაგი სტანდარტები და ფარისევლობა გასაკვირი არ არის.
"ეს ადამიანები, რეალურად არიან ფარისევლები. მე შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე არის ბოლშევიკური "ტროიკის" შემადგენელი ნაწილი. ხოშტარია, ვაშაძე და ის მუდმივად აპროტესტებენ გარკვეულ საკითხებს რაც უკავშირდება რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ამ დროს ხოშტარია პირადად იღებს რუსულ რუბლებს, ხუთი მილიონი რუბლი ჩაერიცხა ბოლო პერიოდში, ორიოდე კვირის წინ მას საკუთარ ანგარიშზე რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და გახსოვთ, რომ ვაშაძეს ჰყავდა რუსეთის მოქალაქე, რუსი მდგმური საკუთარ ბინაში. ასეთი ადამიანებისგან ასეთი ფარისევლური განცხადებები არ გვიკვირს.
რაც შეეხება, ჯაფარიძეს, ის თავის დროზე იდიოტს უწოდებდა ყველას, ვინც უარს იტყოდა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და დღეს აქვს რადიკალურად საპირისპირო პოზიცია. აქედან ჩანს, რომ ისინი არიან უბრალოდ აგენტები და დაკვეთის მიმღებები. დღეს მათ მიიღეს განსხვავებული დავალება, თავის დროზე მათ ჰქონდათ განსხვავებული დავალება, მაშინაც აგენტები იყვნენ. მათი დავალება იყო, რომ უნდა დაეთბოთ ურთიერთობები რუსეთთან, დღეს აქვთ განსხვავებული დავალება, რომ ხელი შეუწყონ ესკალაციას და ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურ ვითარების დამძიმებას. ზურაბ ჯაფარიძე არის უცხოელი აგენტი და მისგან ასეთი ორმაგი სტანდარტები და ფარისევლობა არ გვიკვირს", - განაცხადა კობახიძემ.
ზურაბ ჯაფარიძემ განცხადება 2011 წელს გააკეთა, სადაც ამბობდა, რომ:
"თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნება, ეს იქნება ძალიან დიდი შემოსავლის წყარო ქართული ბაზრისთვის და მათ შორის ბევრი ადამიანის დასაქმების წყაროც გახდება, ძალიან იდიოტი ქვეყანა უნდა იყოს დღეს ზოგადად, რომ ექსპორტი აუკრძალოს თავის მოქალაქეებს ნებისმიერ ქვეყანაში, მნიშვნელობა არ აქვს, გინდა რუსეთი იყოს, გინდა ნებისმიერი ქვეყანა“, - ამბობდა ზურაბ ჯაფარიძე.