04 მაისი 2024,   14:46
ვრცლად
შეზღუდვები ჰაერის დაბინძურების კონტროლის მიზნით - მთავრობა კატალიზატორების ექსპორტისა და მანქანების იმპორტის რეგულაციებზე მუშაობს

მოძველებული ავტოპარკი და მავნე გამონაბოლქვი, ამ დრომდე, ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დეტალურ კვლევებს გარემოს ეროვნული სააგენტო მუდმივად ატარებს. საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში, ჰაერი ნორმაზე მეტად დაბინძურებულია.

პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობა ახალი რეგულაციების მიღებას აანონსებს. გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეიზღუდება. ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის კი 2025 წლის 1-ელი იანვრიდან.

შეზღუდვა არ შეეხება უკვე რეგისტრირებულ ავტომანქანებს. ასევე რეექსპორტისა და ტრანზიტისთვის შემოსულ ავტომობილებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, განცხადებით, 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა ბაზრისთვის მტკივნეული არ იქნება. წინა წლის მონაცემებით, ევრო 5 სტანდარტის ავტომობილების იმპორტი სრული ავტოპარკის 58%-ს შეადგენდა. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო გზებზე ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლსაც დაიწყებს.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს 24 საათის განმავლობაში ახორციელებს. ეს ცხრილი , რომელზეც წითელი და ყვითელი ფერი ჭარბობს, აჩვენებს, რომ თბილისში 27 ლოკაციაზე ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მთელი წლის განმავლობაში მაღალია. ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი პრობლემურია არა მარტო დედაქალაქში, არამედ საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში. სწორედ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევების მედეგების გამო მიიღო მთავრობამ ავტოპარკის გაახალგაზრდავების გადაწყვეტილება.

უკვე 6 წელია საქართველოში, საწვავზე ევრო5-ის სტანდარტი მოქმედებს. საწვავის მონიტორინგს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს. დეპარტამენტში ამბობენ, რომ საწვავის ხარისხი ჰაერის დაბინძურების დონესთან პირდაპირ კავშირშია.

ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მთავრობა კიდევ ერთ ახალ დადგენილებას გამოსცემს. აიკრძალება ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი. მთავრობის მეთაურმა ამ საკითხზე საუბრისას დღეს გამართულ სხდომაზე თქვა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილებს ე.წ. კატალიზატორებს აცლიან და უცხოეთში ყიდიან. ახალი რეგულაცია კი სწორედ ამ საკითხს დაარეგულირებს.

ახალი რეგულაციების შესახებ შესაბამისი უწყებები საკანონმდებლო ორგანოს, უახლოეს პერიოდში მიმართავენ.

დღის ამბები