სუროგაციის სერვისში შეზღუდვები უახლოეს მომავალში ამოქმედდება. გადაწყვეტილებაზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სფერო არ რეგულირდება, რაც ხარისხსა და უსაფრთხოებაზე გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. პრემიერის განცხადებით, კანონპროექტს პარლამენტში ჯანდაცვის უწყება გადააგზავნის.
მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტში წერია, რომ სუროგაციასთან დაკავშირებული ყველანაირი რეკლამა აიკრძალება. მათ შორის სოციალურ ქსელებში განთავსებული განცხადებებიც. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, უწყებას შესაძლებლობას მისცემს, არსებულ გამოწვევებს უპასუხოს. სფერო კი ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში იქნება.
რეგულაციის საჭიროებებზე საუბრობენ ექიმები. რეპროდუქტოლოგების განცხადებით, პაციენტებისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლების ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება, პოზიტიურ ჭრილშია განსახილველი.
ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს კანონმდებლებს მიმდინარე კვირაში გადაუგზავნის. ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. ოპოზიციის ნაწილი კი საკითხს სკეპტიკურად უყურებს.
ჯანდაცვის მინისტრმა დღეს იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სუროგაციისა და ინ- ვიტრო განაყოფიერების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
ახალი კანონპროექტი, ჯანდაცვის სამინისტრომ, ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მოამზადა.