"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს კითხვით მიმართა:
"მე მინდა მომხსენებელს, გიორგი მსხილაძეს ვთხოვო, რომ ან ბოლომდე ღიად და გულწრფელად მოგვახსენოს ჩვენ და საზოგადოებას რა ხდებოდა და რა ხდება, თუ არადა პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილ ვითარებაზე მთლად თანაბრად არა, მაგრამ ნამდვილად გადანაწილდება როგორც უმრავლესობაზე, ისე პატივცემულ პრეზიდენტზე," - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტით განზრახული იყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საკადრო პრობლემების მოსაგვარებლად, რაც პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და არ საჭიროებს კონტრასიგნაციას ან კონსულტაციებს. ამასთან უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ კონსულტაციების შემთხვევაში ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ერთ პარტიასთან, რადგან პარლამენტში ბევრი სხვა პარტიაც არის.
"ამ არგუმენტზე ჩაჭიდება, რომ აღმასრულებელი გაიზრდება და 4 რომ გახდება და მერე 3 რომ გახდება და ა.შ. ეს არასერიოზული არგუმენტია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება. რაც ხდება იმას ყველა ხედავს და თუ პრეზიდენტი ან თქვენ არ იტყვით, მაშინ, კი ბატონო, გაიზიარეთ პასუხისმგებლობა," - აღნიშნა უსუფაშვილმა.