15 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინას ომის სასწრაფოდ დასრულებას ჰპირდება დონალდ ტრამპი, თუმცა 45-ე პრეზიდენტმა მანამდე გამარჯვება მაიამისა და ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოებში უნდა მიაღწიოს

უკრაინას გამარჯვების შემთხვევაში ომის სასწრაფოდ დასრულებას ჰპირდება დონალდ ტრამპი, თუმცა 45-ე პრეზიდენტმა მანამდე გამარჯვებას მაიამისა და ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოებში უნდა მიაღწიოს. ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ მართლმსაჯულების ორივე ორგანოში სისხლის სამართლის საქმეები განიხილება.

ტრამპმა რომელმაც საპრეზიდენტო ფიცის დროს პირობა დადო რომ მისთვის მონდობილ საიდუმლო ინფორმაციას შეინახავდა, პროკურორების მტკიცებით არ შეასრულა.

რა დოკუმენტაციაზეა საუბარი და აქვს თუ არა დონალდ ტრამპს არგუმენტები თავის დასაცავად - დონალდ ტრამპი დაახლოებით საათ-ნახევარში წარდგება მაიამის ფედერალურ სასამართლოში, სადაც მას ეროვნული უსაფრთხოებისთვის მგრძნობიარე საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის და სახელმწიფო მოხელეებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების გამო, სისხლის სამართლის ბრალი აქვს წარდგენილი. დოკუმენტები, როგორც ცნობილი ხდება, ბირთვულ საიდუმლოებასაც მოიცავს. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ უდანაშაულოა. ის საარჩევნო კამპანიას აგრძელებს და ბაიდენს გამოძიების დაწყებით ემუქრება.

"საზღვრის ჩაკეტვის, უკანონოდ შემოჭრილი დამნაშავე ელემენტების მოცილების, ამერიკის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, ქვეყნის დომინანტობის დაბრუნების და რუსეთ-უკრაინას შორის ომის სასწრაფოდ დასრულების გარდა, მე დავნიშნავ სპეციალურ პროკურორს, ამერიკის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და მისი დამნაშავე ოჯახის სადევნად," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სასამართლოს პირველ სხდომაზე დასასწრებად, ტრამპი საკუთარი თვითმფრინავით ნიუ-იორკიდან ჩამოფრინდა, სადაც ის გასული დღეების განმავლობაში ბედმინსტერის გოლფის კლუბში იმყოფებოდა. ფლორიდაში ჩასულ ტრამპს, ტრადიციულად, მხარდამჭერები დახვდნენ და გაამხნევეს. მაიამიში ამ სასამართლო პროცესისთვის განსაკუთრებული მზადებაა.

დონალდ ტრამპს ბრალდება, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაციის შემცველი, ათასობით დოკუმენტის გატანა თეთრი სახლიდან 2021 წლის იანვარში და ფლორიდის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მისი უკანონოდ შენახვა. ასევე ბრალდებაში აღნიშნულია, რომ ტრამპმა იცრუა, როდესაც სახელმწიფო მოხელეებს ამ საბუთების უკან დაბრუნება სურდათ. წელს ეს უკვე სისხლის სამართლის მეორე საქმეა ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული. საარჩევნო დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით, ტრამპის წინააღმდეგ საქმე ნიუ იორკის სასამართლოში განიხილება.

დღის ამბები