ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება - დღევანდელ სხდომაზე გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი მოადგილე დაიკითხება. ბრალდებულმა გიორგი ვახტანგიშვილმა თავად მოითხოვა ჩვენების მიცემა. შესაძლოა იგივე მოთხოვნა სხვა ბრალდებულებსაც ჰქონდეთ. გიორგი ვახტანგიშვილი სამსახურებრივ გულგრილობას არ აღიარებს.
"გიორგის სურვილია, რომ მან ჩვენება მისცეს, ვინაიდან მიაჩნია, რომ დასამალი არაფერი აქვს. უნდა განუმარტოს საზოგადოებას, პირველ რიგში, ბრალდების მხარესაც და დაცვის სხვა წარმომადგენლებს, მისი მონაწილეობა ამ საქმეში, მისი როლი. გიორგი ვახტანგაშვილი ჩვენებით, ხელშეკრულებით, სხვა მტკიცებულებების მიმოხილვით და მისი პოზიციით, ცალსახად დადასტურდება, რომ მას არანაირი გულგრილობა, ან სხვა დანაშაული არ ჩაუდენია," - აცხადებს გიორგი ვახტანგიშვილის და გიგა გიგაშვილის ადვოკატი, კახა წერეთელი.
პროკურატურა განმარტავს, რომ მერიის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილეს ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედება.
"მერიის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილეს ბრალი ედება სამსახურებრივ გულგრილობაში. მან ზეპირსიტყვიერი დავალება მისცა "გრინ სერვისის" წარმომადგენლებს, რომ დამატებითი სამუშაოები ჩაეტარებინათ შადრევნის აუზში, კერძოდ შავი ფერის მილები შეეფუთათ თეთრი ფერის ლითონის კონსტრუქციებით და მას შემდეგ, რაც აღნიშნული სამუშაოები დასრულდა, სამუშაოებს არ ჩატარებია ექსპერტიზა. აღნიშნული ექსპერტიზის გარეშე მერიის საქალაქო სამსახურმა მიიღო ეს სამუშაოები. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ სამუშაოებს ჩაუტარდებოდათ ექსპერტიზა, რა თქმა უნდა გამოვლენილი იქნებოდა კაბელის დაზიანების ფაქტი და ეს მძიმე შედეგი იქნებოდა თავიდან არიდებული," - განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.