რჩება თუ არა ნიკა მელია "ნაციონალურ მოძრაობაში" - ეს კითხვა ლევან ხაბეიშვილის განცხადბების შემდეგ დაისვა. როგორც ენმ-ის წევრი და პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია "ღამის კურიერის" ეთერში ამბობს, პარტიაში მთელი რიგი პრობლემები და აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა, სანამ არსებობს ცვლილების თეორიული შანსიც კი, ის რჩება იქ, სადაც არის.
"მე ვხედავ, რომ მთავარი პრობლემა, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით რიგ ადამიანებთან არის შემდეგი - არის ხალხი, რომელიც პარტია აღიქვამს, როგორც იდეას. მე აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია მაქვს, ჩემთვის პარტია არის იდეის განსახორციელებელი ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა ქვეყანაში ცვლილებების განხორციელების საშუალებას. პარტია არ არის არც ლოგო, არც საარჩევნო ნომერი, საბიუჯეტო დაფინანსება, არც რამდენიმე მანდატი პარლამენტში, მანქანა, მძღოლი. პარტია არის თანამოაზრეებთან ერთად კონკრეტული იდეების განხორციელება, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს ქვეყანაში.
პარტიაში მთელ რიგ საკითხებზე არის მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა და განპირობებულია სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, თუმცა მე ვიქნები და მჯერა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ბუნებრივად ჩამოყალიბდნენ ერთ პლატფორმაზე, ვიქნებით იქ, სადაც იქნება შესაძლებლობა ცვლილებების. მე ვიქნები იქ, სადაც იქნება შანსიც და საშუალებაც ქვეყანაში განვახორციელოთ პოზიტიური ცვლილებები. ამ შანსს, თუნდაც თეორიულს სანამ ვხედავ, ბუნებრივია, ვიქნები იქ, სადაც ვარ," - განაცხადა ნიკა მელიამ.