15 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ჩვენი პრობლემა არის რადიკალიზმი ოპოზიციის მხრიდან, აკეთებენ განცხადებებს, რომელიც მიმართულია არა "ქართული ოცნების", არამედ საკუთარი სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ - ირაკლი ჩიქოვანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში პოლარიზაციას ამწვავებს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც რადიკალურადაა განწყობილი. ჩიქოვანის შეფასებით, რადიკალიზმი ცალმხრივია, რადგან ხელისუფლებას აქვს მცდელობები არსებული პოლიტიკური ვითარება შეცვალოს და ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდეს.

"მე პირდაპირ ვეუბნები ჩემს კოლეგებს, პოლარიზაცია არ არის ქართული "ნოუ-ჰაუ", ის რაც საქართველოში მოვიგონეთ ან მხოლოდ საქართველოში არსებობს, პოლარიზაცია არსებობს აბსოლუტურად ყველა ევროპულ სახელმწიფოში. თუმცა ჩვენი პრობლემა არის რადიკალიზმი, რადიკალიზმი ერთი მხრიდან - ოპოზიციის მხრიდან. წარმოუდგენელია ვისაუბროთ რადიკალიზმის შემცირებაზე, როდესაც ეს ადამიანები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც მიმართულია არა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, არამედ, საკუთარი სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ.

ხელისუფლება უპასუხოდ არ დატოვებს არავის, მაგრამ ჩვენ ამ სტრესის ფონზე, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ ალტერნატივას და დავანახებთ მათ რეალურ სახეს, რაოდენ მახინჯიც არ უნდა იყოს ის. შარშან ზაფხულს ჩვენ ყველა კარი გავაღეთ იმისთვის, რომ ოპოზიციას ეთანამშრომლა და მიეღო მონაწილეობა რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" მისი ანასხლეტებით და დაქვემდებარებული ტელევიზიებით, ყველაფერს აკეთებენ, რომ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს. რადიკალური ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულების პროცესს საკუთარი პრიზმიდან ხედავს და ერთი მიზანი აქვთ - რომ ჩავარდეს, არ იყოს ნაჩვენები ერთობა სახელმწიფოში და ბოლოს ხელი გამოიშვირონ, რომ ეს "ქართული ოცნების" ბრალია და მერე შეეცადონ ძალადობრივი სცენარების განვითარებას ქვეყანაში," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას.

დღის ამბები