15 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
პარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან - მთავარი კითხვა იქნება თუ რა ნაბიჯები გადადგა უწყებამ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის

პარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ილია დარჩიაშვილი დეპუტატების წინაშე "მინისტრის საათის" ფორმატში წარდგება.

ქვეყნის პირველი დიპლომატი სამინისტროს წლის საქმიანობას შეაჯამებს. ასევე, ისაუბრებს სამომავლო გეგმებზე და გამოწვევებზე.

მმართველ გუნდში სამინისტროს მუშაობას პოზიტიურად აფასებენ და მთავარი კითხვა იქნება თუ რა ნაბიჯები გადადგა უწყებამ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. ოპოზიცია კი კრიტიკული შეკითხვებისთვის ემზადება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია აცხდებს, რომ მთავარი კითხვები სუვერენიტეტის უზრუნველყოფის საკითხში თავად ილია დარჩიაშვილის როლს შეეხება.

"მთავარი კითხვები მექნება, როგორც ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხში მის როლზე, რომელსაც ვხედავთ, რომ აბსოლუტურად უგულებელყოფილია,"- აცხადებს აქუბარდია. 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ მთავარი საკითხები პარტნიორებთან გადადგმული ნაბიჯებია საგარეო მიმართულებით.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სიანტერესოა საელჩოების და თავად სამინისტორების მუშაობა. მნიშვნელოვანია რა გზავნილები მიდის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ასევე რა გზავნილები გვესმის ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან. საგარეო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვანია,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი. 

დღის ამბები