საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები, მინისტრის საათის ფორმატში საგარეო სამქეთა მინისტრს უსმენენ.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ყურადღება ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაამახვილა.
მან ასევე ვრცლად ისაუბრა ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მაღალი და უმაღლესი დონის ოფიციალური პირების განხორციელებულ მნიშვნელოვან ვიზიტებზე ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
მან აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტები ბრიუსელსა და ბერლინში, რომლის დროსაც პრემიერმა შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ დაფიქსირებულ მტკიცე მხარდაჭერაზე.
"განსაკუთრებული ერთგულებით ვუდგებით კანდიდატის სტატუსის მიღებას და გაწევრიანების თაობაზე, მოლაპარაკების დაწყების უზრუნველყოფას.
ველით, რომ ევროკომისია სამართლიანად და დამსახურების პრინციპის საფუძველზე შეაფასებს საქართველოს პროგრესს 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით და შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის შეფასებისას გასცემს რეკომენდაციას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შარშანაც იმსახურებდა და ის მაშინაც სრულად აკმაყოფილებდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ წინაპირობებს, იქნება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ფორმალურად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას ქვეყნის შიგნით და იქნება მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.