ილია დარჩიაშვილს პარლამენტი, მინისტრის საათის ფორმატში უსმენს. არის კითხვა-პასუხის რეჟიმიც - დეპუტატები ძირითადად ინტერესდებიან იმით, თუ რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ ევროპისგან დადებითი პასუხის მისაღებად.
კითხვები ეხება ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს და მოლაპარაკებების შინაარსსაც.
კითხვა-პასუხის დროს, დეპუტატებს შორის ურთიერთბრალდებები ისმოდა, იყო მცირე კამათიც.
"მაინტერესებს, რა კეთდებოდა მათ დროს და დღეს რა კეთდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში ნამდვილი ღირებულებები. ერთ ხელში ხელკეტი ეჭირათ და იმით აუპატიურებდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მეორე ხელში კი ცოცხი და ამით ყრიდნენ პატივს ჩვენს მოქალაქეებს,"- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა.
ამის შემდეგ კი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის დეპუტატები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილმა დამატებით 30 წამი მისცა სიტყვით გამოსვლის დროს ალუდა ღუდუშაურს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ კი თინათინ ბოკუჩავას უპასუხა:
"სამარცხვინო კი არა საამაყოა როდესაც ადამიანები სადარაჯოზე დგანან, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდნენ ყავარჯნიანი და ცოცხიანი ადამიანები. ეს არის საამაყო იმაში, რაც ალუდა ღუდუშაურმა თქვა,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.