15 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
იმის მიუხედავად, რომ საქართველო გახდა სრულად თავსებადი ნატოსთან, ამ დრომდე მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში ვართ - შალვა პაპუაშვილი

"ამ წლების განმავლობაში, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის საპასუხო რეაქციის რეალური საფრთხის მიუხედავად, გამხდარიყო ნატოსა და ევროკავშირის წევრი,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Civili.ge-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა საქართველო კვლავ ელის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ევროკავშირთან დაკავშირებული ისტორია უფრო მეტად წარმატებულია, რადგან ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.

"იმის მიუხედავად, რომ საქართველო გახდა სრულად თავსებადი ნატოსთან, დემოკრატიული ინსტიტუტები ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო სტანდარტებზე მეტად განავითარა და კონსტიტუციაში განამტკიცა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, 2008 წლის აპრილის ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსში საქართველოს მიღების მზაობაზე გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო ამ დრომდე მხოლოდ მოლოდინის რეჟიმშია.

ევროკავშირთან დაკავშირებული ისტორია უფრო მეტად წარმატებული იყო. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ასევე, მიაღწია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს წარმატებული დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად, ქვეყანა გახდა გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, რასაც სხვა მაგალითებთან ერთად, ნათლად ადასტურებს ევროკომისიის 2023 წლის ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს შესაბამისობის თაობაზე.

თუმცა, როდესაც გასულ წელს საჭირო იყო რეალური გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა უკან დაიხია და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სანაცვლოდ, მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭა," - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

დღის ამბები