15 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
"მკვდარი მკვდარს ეკიდებოდა, სამარემდე მიმიყვანეო, ასე არის სააკაშვილის და "ნაცმოძრაობის" საქმე" - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ იმოქმედა.

მაჭარაშვილი ასევე იხსენებს, რომ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის და მეტიც - უკრაინულად საუბრობს.

"მკვდარი მკვდარს ეკიდებოდა, სამარემდე მიმიყვანეო - ასე არის სააკაშვილის და "ნაცმოძრაობის" საქმე. "ნაცმოძრაობას" თავისი გასაჭირი აქვს, ვერ გაუგია ვინ თავმჯდომარე ჰყავს, რა მიმართულებით მიდის და ახლა ზედ დაემატება პოლიტიკურად გარდაცვლილი სააკაშვილი.

ამას გარდა უნდა ვთქვათ, რომ თავად სააკაშვილმა თქვა, ჩემი გული და სული ეკუთვნის უკრაინასო, დანარჩენი ორგანოები დამიზიანდაო და რით აპირებს ქართულ პოლიტიკაში მოსვლას, საინტერესოა. ამას გარდა, ქართულად აღარ საუბრობს - უკრაინულად საუბრობს, საქართველოს მოქალაქე არ არის და უკრაინის მოქალაქეა, შესაბამისად, რით აპირებს ქართულ პოლიტიკაში მოსვლას, ესეც საკითხავია.

მგონი, პატიმარ სააკაშვილს მოუხდა სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელმაც წერტილი დაუსვა იმას, რომ ის ევროპის ჰაერს ვერ ჩაყლაპავდა იმისთვის, რომ გამოჯანმრთელებულიყო. თუ სტრასბურგის გადაწყვეტილება ასე მოუხდებოდა მის ჯანმრთელობას და პოლიტიკაშიც დაბრუნდებოდა, ეთქვათ და სტრასბურგი აქამდეც მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. ეს არის სწორედ ის რეალობა, რა რეალობაშიც "ნაცმოძრაობა" თავისი ბელადით არის მოცემულობაში,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აანონსებს. ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აჭარის უმაღლეს საბჭოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. "საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა "სასამართლოში", სადაც ფიზიკურად შევძლებ. ასევე, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობას" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები