15 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
სააკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - რატომ გეგმავს პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას პატიმარი ექსპრეზიდენტი 

ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, ყოფილმა პრეზიდენტმა "ვივამედის" 501-ე პალატიდან დააანონსა და საზოგადოებას გადაწყვეტილება "ფეისბუკ" პოსტიდან აცნობა. მოულოდნელ და თან მოსალოდნელ განცხადებაში, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მიზეზი აჭარის უმაღლეს საბჭოში გუშინ განვითარებული მოვლენები გახდა და რომ ახლა საჭიროა პროდასავლური პარტიების კონსოლიდაცია. ყოფილი პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, სასამართლო პროცესებზე დასწრებასაც გეგმავს.

ამ განცხადებიდან მალევე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის თავმჯდომარემ სააკაშვილს პოლიტიკური გეგმები მოუწონა და თქვა, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მისი როლი გადამწყვეტია. თუმცა ლევან ხაბეიშვილს არ დაუკონკრეტებია
შესთავაზებენ თუ არა სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის პოსტს.

მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში დასაბრუნებლად, ჯანმრთელობის მდგომარეობაც რომ უკვე ხელს უწყობს, ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა განაცხადა.

სასწაულებს პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილისგან არ ელის "გირჩი". პალატიდან გამოგზავნილ წერილსა და მოწოდებას არაერთგვაროვნად შეხვდნენ მიმართვის ადრესატები ოპოზიციური ფლანგიდან. ისინი ამბობენ, რომ კონსოლიდაცია აუცილებელია, თუმცა არა მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ. ოპოზიციის ერთი ნაწილი იმაზეც აკეთებს აქცენტს, რომ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დისკუსია დღის წესრიგიდან მოიხსნა.

ვის გამოც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება, გუშინ აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუკ" პოსტით გამოეხმაურა და სააკაშვილს ლაჩარი უწოდა. მმართველ გუნდში ექსპრეზიდენტის გზავნილები არასერიოზულად მიიჩნიეს და სააკაშვილს მიანიშნეს, რომ ჯერ ქართული პასპორტი აქვს ასაღები. "ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავეა, ერთ დროს ქვეყანაც მიატოვა და ახლა საქართველოში დაბრუნებულმა სასჯელი უნდა მოიხადოს.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, რაც საქართველოში პოლიტიკურ აქტივობას უზღუდავს .ყოფილი პრეზიდენტი უკვე ერთ წელზე მეტია კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს, მან ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ განაცხადა, რომ ქართული პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოშორდა, თუმცა პოზიცია დღეს შეიცვალა. გზავნილში მიხეილ სააკაშვილს არც ის დაუკონკრეტებია როდის, რა ფორმით და ვისთან ერთად აპირებს პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას.

დღის ამბები