საქართველოში ევროკავშირის ელჩმა 12 რეკომენდაციაზე და საქართველოს მოლოდინზე ისაუბრა. დიპლომატის განცხადებით, კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს. ამასთან, ელჩის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება ერთსულოვნებაზე.
"კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მკაფიოდ და ხმამაღლა არაერთხელ დავაფიქსირე, სამწუხაროდ გადაწყვეტილების მიღება არ არის დამოკიდებული არც ჩემზე და არც ევროპულ ინსტიტუტებზე. ევროკავშირი-საქართველოს შემდგომ ნაბიჯებზე გადაწყვეტილებას 27 წევრი სახელმწიფო, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიიღებს. დეკემბერში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტები და პრემიერები შეხვდებიან, განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთსულოვანი. ეს კი ნიშნავს, რომ თითოეული წევრი უნდა შეთანხმდეს საქართველო-ევროკავშირთან დაკავშირებით, შემდგომ ნაბიჯებზე. დეკემბრამდე ჯერ კიდევ არის დრო. ჩვენ ველოდებით მაქსიმალურ პროგრესს 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით.
ძალიან გვჭირდება კარგი სიახლეები საქართველოსგან. უნდა შეიქმნას პოზიტიური ატმოსფერო, როდესაც საქმე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალს ეხება. საქართველო აქტიურად მუშაობს რეკომენდაციების შესრულებაზე. ზოგიერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ წინსვლას. ევროპული კომისია შეაფასებს პროგრესს ოქტომბერში. 35 თავიანი მოხსენება იქნება მტკიცე და მიღწევებზე დაფუძნებული. დეტალურად და ტექნიკურად იქნება აღწერილი 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებული პროგრესი. საბოლოო გადაწყვეტილებას კი 27 წევრი სახელმწიფო მიიღებს,"- აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.