ბორჯომში დაგეგმილი სემინარის ტრენერის ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, სემინარი სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ ლექციებს გულისხმობდა.
მან მომხდარ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 60-მდე რადიკალურად განწყობილი ადამიანი სტუდენტებს კვერცხებს ესროდა და შეურაცხყოფას აყენებდა.
"ტრენინგის შინაარსია სახელმწიფოს მოწყობა, დემოკრატიის ფუნქციონირება, სახელმწიფოს ინსტიტუტების ერთმანეთთან ურთიერთობა და ა.შ. მე პირადად, ვატარებდი სამართლებრივ თემებზე ლექციებს, როგორ არის სახელმწიფო მოწყობილი და როგორ უნდა იმუშაოს და მოვარდა 60-მდე ადამიანი, რომლებიც ისროდნენ კვერცხებს და აგინებდნენ ახალგაზრდებს. თქვენ ხედავთ, რომ სტუდენტები რეალურად არიან 20-22 წლის ახალგაზრდები და ამ რადიკალებმა აგინეს ამ ახალგაზრდებს," - განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო ბორჯომში - "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრები სემინარის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა, პარტიას მოქალაქეებმა სემინარის ჩატარების უფლება არ მისცეს და მათი მიერ, ბოლო პერიოდში, პატრიარქზე გაკეთებული განცხადებები შეახსენეს.
სემინარის მონაწილეებმა გაავრცელეს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ადამიანთა ჯგუფი ბანაკის ტერიტორიის სიახლოვეს საპროტესტო აქციას აწყობდა, მათ სასტუმროს ეზოს, სადაც სემინარის მონაწილეები იმყოფებოდნენ, ქვები დაუშინეს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
პროტესტის შემდეგ, "ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" მიერ დაგეგმილი სემინარი ჩაიშალა. განცხადება გაავრცელეს საზოგადოებრივი მოძრაობის - "საქართველო უპირველეს ყოვლისა" წევრებმა, სადაც ნათქვამია, რომ დესტრუქციულ ძალებს, ეკლესიის მტრებს და ქვეყნის არევის მსურველებს, არ მისცემენ საშუალებას ახალგაზრდები საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ განაწყონ.