15 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
პატიმარი პაციენტის პოლიტიკური გეგმები - რა ფორმით ჩაერთვება მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში

პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია, კლინიკა "ვივამედის" 501-ე პალატიდან ყოფილმა პრეზიდენტმა გუშინ დაადასტურა. მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, უკრაინის საკითხებში ჩართულობის პარალელურად, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას უბრუნდება და სასამართლო პროცესებსაც დაესწრება. გადაწყვეტილებას არასერიოზული უწოდეს "ქართულ ოცნებაში". უმრავლესობის წევრების შეფასებით, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვა ჭრილში გამოჩნდა, რაც ნიშნავს რომ ის ჯანმრთელია და პოლიტიკური აქტიურობა სურს.

რა ფორმით ჩაერთვება ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკაში, "ნაციონალური მოძრაობის" ახალ მენეჯმენტში ჯერ არ იციან. პარტიის თავმჯდომარემ დღეს თქვა, რომ მთავარია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის შემდეგ კი ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს. იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი არჩევნებზე სიის პირველი ნომერი, ოპოზიციურ პარტიაში კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე, განსხვავებული პოზიციები აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. ამბობენ, რომ სიცრუისა და წარსულის გამო, სააკაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს. მეორე ნაწილისთვის კი ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურად გააქტიურებაში გასაკვირი არაფერია.

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, პოლიტიკოსების ნაწილს კითხვის ნიშნები გაუჩინა თვეების წინ გაკეთებულმა განცხადებებმა. როდესაც კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსები, ექიმები, მსჯავრდადებული პრეზიდენტის პარტიისა და ოჯახის წევრები, სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე ფორმებზე საუბრობდნენ.

მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს, მმართველ გუნდში აფასებენ და ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ადამიანს, არ აქვს უფლება ქართულ პოლიტიკაში ჩაერთოს. "ქართულ ოცნებაში" ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობენ. საპარლამენტო უმრავლესობაში გაიხსენეს სტრასბურგის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს უარი უთხრა ვარშავაში გადაყვანაზე. ამავე დროს, სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით, მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

ყოფილი პრეზიდენტი უკვე ერთ წელზე მეტია, კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. საიდანაც მან არაერთხელ განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოშორდა. პოზიცია მიხეილ სააკაშვილმა გუშინ შეიცვალა, თუმცა არ დააკონკრეტა როდის და რა ფორმით აპირებს პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას.

დღის ამბები