15 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
"კარგია, რომ სააკაშვილმა შეწყვიტა ის სპექტაკლი, რომელიც წელიწად-ნახევარი მიმდინარეობდა" - ოპოზიციის ნაწილი ენმ-სთან გაერთიანებას გამორიცხავს

ოპოზიციაში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც უახლოეს მომავალში "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო დიდი ოპოზიციური გაერთიანება დააანონსა. ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა მათ მხარდამჭერთა რაოდენობას გაზრდის. ოპოზიციის ნაწილი ღიად აცხადებს, რომ ისინი ამ ე.წ. ერთობაში შესვლას არ აპირებენ.

"ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები, რომლებიც ოცნებობდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სიაში აღმოჩენილიყვნენ და ასე აღმოჩენილიყვნენ პარლამენტში, როგორც იქნა, დალაგდნენ, როგორც ჩანს "ნაციონალურ მოძრაობასთან", შეიძლება "ქართულ ოცნებასთანაც" და, საბოლოო ჯამში, რაღაც ერთობა გამოუვიდათ. ჩვენ ეს არანაირად არ გვეხება. კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა ის სპექტაკლი, რომელიც წელიწად ნახევარი მიმდინარეობდა და იმის მოლოდინიც მაქვს, რომ საბოლოოდ, ციხეში გადავა, იმიტომ, რომ თუ პოლიტიკურ ბრძოლაში ხარ, მართლა პოლიტიკურ ბრძოლაში უნდა იყო და ერთდროულად იმის თამაში, რომ დემენცია გაქვს, საავადმყოფოში ხარ და თან, ამავდროულად, პოლიტიკაში ხარ, მგონი, არ გამოვა,"- განაცხადა "გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

"რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია კი მიიჩნევს, რომ ენმ-ის თავმჯდომარემ საზოგადოებასთან სასაუბრო ენა უნდა შეცვალოს.

"ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის ლიდერს ასეთი სასაუბრო ენა არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებასთან, რაღაც გადაბჟირება, საკმაოდ მდაბიო ტერმინოლოგიით საუბრობს, როგორც ვხედავთ. თუ ვინმეს რამე სურს, დასხდნენ, ჯერ დახურულ კარს მიღმა ისაუბრონ, შეთანხმდნენ და შემდეგ გააგრძელონ მედიასთან საუბარი, თუ ვინმეს მართლა საქმე უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის მორიგი მდაბიო პერფორმანსი,"- აცხადებს თეონა აქუბარდია.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ერთობლივად მოქმედებენ და ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილის გამოჩენით ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები გადაფარონ.

"არავითარ გაერთიანებას "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ განვიხილავთ, ეს უბრალოდ წარმოუდგენელიც კი არის. მარტივად აგიხსნით - დღეს თუკი ვინმე "ოცნებას" ეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში, ესენი არიან სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა." წარმოიდგინეთ, რა ნაბიჯიც გადადგეს რამდენიმე დღის წინ - ამით გააკეთეს ის, რომ "ოცნებას" მთელი საარჩევნო პერიოდი დაეხმარებიან იმაში, რომ მთელი პოლიტიკური სივრცე და ყურადღება ორიენტირებული იყოს სააკაშვილზე და გადაიფარება სრულად ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში არსებობს,"- აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

 

დღის ამბები