"ქართულ ოცნებაში" "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივა შეაფასეს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია დილემის წინაშეა, რადგან "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება, ერთის მხრივ, აწყობთ, თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა, მხარდამჭერები დაკარგონ.
"ოპოზიცია მართლაც რთული დილემების წინაშე აღმოჩნდა, ოღონდ, მე ვფიქრობ, მთავარი მიზეზი ამ ყველაფრის გახლავთ ის, რომ ოპოზიციამ ბევრი შეცდომა დაუშვა, რომლის გამოც აღმოჩნდნენ მთავარი პრობლემის წინაშე და ეს გახლავთ მოსახლეობის მხარდაჭერის დეფიციტი. ამ დეფიციტის პირობებში, მათ აქვთ ამოცანა მომავალი არჩევნებისთვის, რომ, რაღაცნაირად, ელექტორატს მოუხმონ და თავი მოუყარონ. ერთის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატის გაზიარება ეს კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს მცირე პარტიებისთვის, მაგრამ, იმავდროულად, ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მათი დამოუკიდებელი ელექტორატისთვის ეს შეიძლება ძალიან დიდი წინაღობა აღმოჩნდეს მხარდაჭერის გაგრძელებისთვის, იმიტომ, რომ არიან ადამიანები, რომელთათვისაც, შეიძლება, ზოგადად, ოპოზიციური აზრი საინტერესოა, მაგრამ არამც და არამც მისაღები არ არის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რიგებში აღმოჩენა,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.