15 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ყველამ, ვინც იცოდა, რომ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის გათავისუფლებას, ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ საზოგადოებას - ირაკლი კობახიძე

ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას და განცხადებას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში სვამენ კითხვას, თუ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რაზეც მისი გარემოცვა აქტიურად საუბრობს, როგორ აპირებს ის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თითოეულმა ადამიანმა, რომელმაც იცოდა, რომ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის გათავისუფლებას, ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ საზოგადოებას.

"სააკაშვილის, დავარქვათ - "გამოჯანმრთელებას" შეიძლება ჰქონდეს 2 თეორიული მიზეზი - სასწაული, ან სტრასბურგის გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ მიზეზია სტრასბურგის გადაწყვეტილება. ეს იყო 600 დღიანი პოლიტიკური კამპანია, უმტკიცებდნენ საზოგადოებას და ბევრი დააჯერეს კიდეც, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდებოდა, თან კვდებოდა ხან წამებით, ხან მოწამვლით და ა.შ. და უცებ, ეს ადამიანი ხდება ჩვეულებრივად ჯანმრთელი. რა თქმა უნდა, ეს იყო ცარიელი სიმულაცია და სპეკულაცია. 600 დღის განმავლობაში საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ სააკაშვილი კვდება - ეს უბრალოდ სირცხვილია. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ბოლომდე გაირკვა. თითოეული ადამიანისთვის, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი იყო მართალი, საბოლოო ჯამში, მათაც გაიაზრეს, რომ ეს კაცი არის უბრალოდ მიუნჰაუზენი.

აბსოლუტურად ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის იყო ცხადი, რომ სააკაშვილი სიმულირებდა. თუმცა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც, ამის მიუხედავად, ითხოვდნენ მის გათავისუფლებას, გადაყვანას და ა.შ. გახსოვთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც კი მოხვდა შესაბამისი ჩანაწერი. თითოეულმა ამ ადამიანმა, რომელმაც იცოდა, რომ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის გადაყვანას, უნდა მოუხადოს ბოდიში ქართველ საზოგადოებას.

არავითარი შანსები სააკაშვილს არ აქვს, საზოგადოებამ დაინახა კიდევ ერთხელ მისი სახე. როდესაც კაცი სიმულანტობს 600 დღის განმავლობაში, მას რა რეიტინგი უნდა შერჩეს, მე არ ვიცი. შეიძლება ჰყავს თავისი სექტის ძველი წარმომადგენლები, მაგრამ როგორ შეიძლება ამ კაცს ჰქონდეს თუნდაც მინიმალური მხარდაჭერა, ქართულ საზოგადოებაში, ამ კულტურულ საზოგადოებაში, ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი სადაც არ უნდა დაბრუნდეს, მას არავითარი შანსი არ აქვს,"-განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები