შვეიცარიის კონფედერაციაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იგნასიო კასისს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა სფეროში, არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. ილია დარჩიაშვილმა იგნასიო კასისს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოქალაქეებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროექტებში შვეიცარიის კონტრიბუციისთვის. მინისტრებმა განიხილეს რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შედეგად, რეგიონში შექმნილი რთული ვითარება უსაფრთხოების კუთხით. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას ევროპის კონტინენტისთვის და რეგიონში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის აუცილებლობას. საუბარი შეეხო საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის და ვაჭრობის მიმართულებით.
აღინიშნა, რომ შვეიცარიული კომპანიები წარმატებით ოპერირებენ საქართველოში, ამასთან გაზრდილია როგორც ვაჭრობის დინამიკა, ისე შვეიცარიიდან საქართველოში მომავალი ვიზიტორების რაოდენობა. დადებითად შეფასდა, 2023 წლის ივნისში, შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო მდივნის ელენ ბუდლიგერ არტიედას და მის თანმხლები ბიზნეს- დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ასევე შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან და ქ.ბერნის მერთან.