ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების ნაწილი საავტორო უფლებების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს. მიზეზად, პარლამენტის წევრები, ევროპულ სტანდარტებს ასახელებენ, რომლებსაც მათი შეფასებით, ეს პროექტი ვერ აკმაყოფილებს. დეპუტატები რუსულ გავლენებზეც საუბრობენ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ კანონის განხილვა უნდა შეჩერდეს.
"ამ კანონს უკვე შეერქვა "ინტელექტის ოკუპაცია", დაჩქარებულად მიმდინარეობს ეს პროცესი, ისე, რომ არანაირი საგობრივი მომზადება პროექტის არ ყოფილა, ამიტომ უნდა შეჩერდეს განხილვა და ეს იქნება ჩვენი საერთო მიმართვა," - აცხადებს აქუბარდია.
ქალ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნა არასერიოზული და უარგუმენტოა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქალი დეპუტატები პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები არიან და ქალობისა და გენდერის ნიშნით მათი გაერთიანება, გაუგებარია.
"ცოტა არ იყოს კომიკურს ხდიან (ერთობლივ ბრიფინგებს) არა მხოლოდ შინაარსით, რომელიც თავის მხრივ, კომიკურია. ფორმატი მათი ასარჩევია, მაგრამ ქალი დეპუტატების ერთობას რა დატვირთვა აქვს?! თუ იდეოლოგიურია, მათი კაცი კოლეგები არ ეთანხმებიან თუ ეთანხმებიან? მარტო ქალთა გაერთიანება სწორი არ მგონია", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.