რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირ ძალადობას ვემიჯნებით და "ქართულ ოცნება" არ არის ის ხელისუფლება, რომელსაც შეიძლება რაიმე სახის ძალადობა მოსწონდეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კახიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
როგორც კახიანი განმარტავს, ის ქმედებები რომლებიც შეურაცხყოფს პატრიარქს და ეკლესიას, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გამაღიზიანებელი და მიუღებელია.
"ისე უნდა წარმოაჩინონ ვითარება, რომ თითქოს ხელისუფლების ინტერესში არის პოლარიზაცია. სინამდვილეში ეს ასე არ არის. სამწუხაროდ, პირიქით რადიკალური ოპოზიციის ინტერესში არის სწორედ პოლარიზაცია: ერთი იმ კონტექსტში, რომ არ ჩაითვალოს ეს რეკომენდაცია შესრულებულად და მეორე, ინი სულდგმულობენ სწორედ სიტუაციის დაძაბვით, რადიკალიზაციით, საზოგადოებაში დაპირისპირების მუხტის გაჩენით.
ამ ნიადაგზე ფიქრობენ ისინი თავისი თავის და თავისი იდეების რეალიზაცია. რაც შეეხება ძალადობებს, რა თქმა, უნდა, ჩვენ ყველანაირ ძალადობას ვემიჯნებით და "ქართულ ოცნება" არ არის ის ხელისუფლება, რომელსაც შეიძლება რაიმე სახის ძალადობა მოსწონდეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. პირიქით, ძალადობის წინააღმდეგნი ვართ და როდესაც ძალადობაზე საუბარია აქ იგულისხმება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულები და მასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
ეს პირები ცდილობენ საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას და შემდგომ ყველაფერი ეს, მეორე მხრიდან, ძალადობის კონკრეტულ შემთხვევებს წარმოშობს. მიუღებელი და გამაღიზიანებელია საზოგადოებისთვის, როდესაც გაუთავებლად ხდება ეკლესიის, პატრიარქის შეურაცხყოფა, როდესაც ისტორიის გადაწერას ცდილობენ თავიდან, როდესაც მეფეებს შეურაცხყოფენ და ა.შ. ხელისუფლების არანაირ ინტერესში არ შეიძლება შედიოდეს კონკრეტულ პოლიტიკოსზე თავდასხმა, როგორ შეიძლება ეს ხელისუფლების ინტერესში იყოს.
ეს არის გამოძახილი იმ შუღლისა, რომელსაც პოლიტიკოსები გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ასეთ შუღლს თესავენ და ბუნებრივია საზოგადოების დიდ ნაწილში ეს იწვევს უარყოფით და ნეგატიურ დამოკიდებულებას,"-აცხადებს გიორგი კახიანი.