ევროპარლამენტის დეპუტატის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, რომელიც ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იცოდა, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გასაკვირი არ არის, თუკი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტარებთან რაიმე სახის კომუნიკაცია ექნებოდა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრის, თეონა აქუბარდის თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილების იმედი ჰქონდა.
"მეც მქონდა რწმენა იმის, რომ პრეზიდენტი შეიწყალებდა ნიკა გვარამიას, არა იმიტომ, რომ ყურში მიჩურჩულა ან ვინმეს დავალებას ასრულებს, არამედ იმიტომ, რომ მან განაცხადა, რომ დაელოდებოდა სასამართლოს, სასამართლოს შედეგი ვნახეთ, რომ არ მოხდა განხილვა და ის, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციის გარდა, მისი უშუალო ვალდებულებაა. შესაბამისად, მოსალოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. მან ასევე განაცხადა, რომ ახსნის და განუმარტავს საზოგადოებას შემდეგი კვირიდან ამ გადაწყვეტილებას," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ თავად ევროპარლამენტარები აცხადებდნენ, რომ ნიკა გვარამიას, როგორც მედია მენეჯერის დაკავება იყო აღქმული როგორც ევროპული ინტეგრაციის გზის საბოტაჟი.
"თვითონ ის, რომ ევროპარლამენტარებმა იცოდნენ წინასწარ, ეს არ ვიცი, მათ უნდა ჰკითხოთ, იმიტომ რომ მათი განცხადებაა და მათი კომუნიკაციაა ქალბატონ პრეზიდენტთან. ის, რომ ამ თემაზე კომუნიკაცია იქნებოდა, გასაგებია რატომაც. თვითონ ევროპარლამენტარები აცხადებდნენ ღიად, რომ ნიკა გვარამიას, მედია მენეჯერის დაკავება იყო აღქმული როგორც ევროპული ინტეგრაციის გზის საბოტაჟი. რა თქმა უნდა, მის გათავისუფლებაზე კომუნიკაცია მათ შორის პრეზიდენტთან, რომელსაც ჰქონდა უფლებამოსილება, რომ ეს პატიმრობა შეეწყვიტა და მათ შორის, სხვა თანამდებობის პირებთან იქნებოდა მუდმივი, და ალბათ ისეთი სიგნალი მიიღეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რომ წინასწარ იცოდნენ, რომ შეიძლებოდა მსგავსი ნაბიჯი გადაედგა," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.