15 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის შერჩეულ კანდიდატებს, საკომიტეტო მოსმენაზე  მხარი არ დაუჭირეს

საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივი პოლიტიკის კომიტეტებმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს - გიორგი ბაქრაძეს და დიმიტრი ჯაფარიძეს მხარი არ დაუჭირეს და პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატები ჩავარდა.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება წინასწარ იყო ცნობილი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის კანდიდატების კონსულტაციების გარეშე წარდგენა. 

"ეროვნული ბანკი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც იყო, რომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ პრეზიდენტს პარლამენტთან, მთავრობასთან თანამშრომლობით, ამ პერიოდში როდესაც იყო წარმოსადგენი კანდიდატები, საბჭოს წევრები და ა.შ. ყოფილიყო, ფაქიზი და მოფრთხილებული ნაბიჯები გადადგმული. სამწუხაროა ვეტო, რომელიც არის რადიკალური ნაბიჯი, შემდეგ დემონსტრაციულად წარმოდგენა კანდიდატების, რომელზეც არც კი გვქონდა წინასწარი კონსულტაციები. თავად ეს ნაბიჯები არის გარკვეული დარტყმა ფინანსური სექტორისთვის, ვინაიდან რაღაც დაბნეულობა და გაურკვევლობა შემოაქვს მდგომარეობაში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციაშიც აცხადებენ, რომ განხილვამდე კონსულტაციები აუცილებელი იყო.

რატომ არ გაიარა პრეზიდენტმა კონსულტაციები ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატების წარდგენამდე - ამ საკითხს პარლამენტში დღეს კამათი მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირება იყო საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის.

თავის მხრივ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი კი აცხადებს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ ავალდებულებდა რომ კონსულტაციები გაევლო მხარეებთან.

"ყველა აკვირდებოდით კომიტეტის მიმდინარეობას, სადაც კანდიდატებთან დაკავშირებით, მათ პროფესიონალიზმთან და დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ იყო. პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი, რომ ჩააგდონ კანდიდატები," - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

 

 

 

დღის ამბები