15 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თბილისს ეწვევა - რას განიხილავს დევიდ ო’სალივანი ხელისუფლებასთან

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი, 2 დღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს.

ხვალ, ასევე, ჩამოდის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი. ასევე, შეხვედრებში მონაწილეობს ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი კუმარ აიერი. ევროკავშირის მიერ მედიისთვის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართულ მხარესთან სანქციები და მათი ეფექტურად განხორციელება განიხილება. ვიზიტის მიზანი კი საქართველოსთან პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნაა.

დევიდ ო’ სალივანი ვეტერანი დიპლომატია. ის, ასევე, იყო ევროკომისიის გენერალური მდივანი. წლების განმავლობაში იკავებდა ვაშინგტონში ევროკავშირის ელჩის პოზიციას. ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა ოფისებს. არის საერთაშორისო და ევროპული საქმეების ინსტიტუტის გენერალური დირექტორი.

რაც შეეხება ჯიმ ო’ბრაიენს, ის ბაიდენის ადმინისტრაციაში სანქციების კოორდინატორია და პრეზიდენტმა მაისში, ევროპის და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მომავალ თანაშემწედ დაასახელა. ო’ბრაიენმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ სანქციების გვერდის ავლა არსებით პრობლემად რჩება და ამ საკითხს თურქეთთან, ყაზახეთთან, სომხეთთან, საქართველოსთან და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან განიხილავს.

სანქციებზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნები ხვალ პრემიერს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს, საგარეო, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს შეხვდებიან.

დღის ამბები