ვაკის პარკის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე, "ელემსი ჯგუფის" არქიტექტორი, შალვა ქურიძე იკითხება, რომელიც ვაკის პარკის რეაბილიტაციის თავდაპირველი პროექტის ავტორია. მან უნდა დაადასტუროს, იყო თუ არა თავდაპირველ პროექტში ხარვეზები. გარდა ამისა, მას კითხვებს დაუსვამენ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც სამუშაოების განხორციელების პერიოდში, თავდაპირველ პროექტში შევიდა. საუბარია პროცესზე, სადაც პროკურატურა ორი ფიზიკური პირის გარდა კომპანიების, მათ შორის "გრინსერვის+" - ის წინააღმდეგ გამოდის.
"დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვა. ეს არის პროექტის ავტორი, შპს "ელემსის" არქიტექტორი, ბატონი შალვა ქურიძე, რომელმაც შეადგინა ეს პროექტი. დღევანდელ სხდომაზე ჩვენ დავადასტურეთ, რომ ის ამტკიცებს, რომ თითქოს მისთვის არ იყო ცნობილი ცვლილებების შესახებ. ჩვენ მას წარვუდგენთ ადრე მიცემულ ჩვენებას, ვიდეოჩანაწერს, სადაც აცხადებს, რომ მისთვის, ფაქტობრივად, ყველა ცვლილება არის ცნობილი, ის მიუთითებს განათებაში შესულ ცვლილებებზე, წყალმომარაგებაში შესულ ცვლილებებზე, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ მისთვის ეს ცვლილებები ცნობილი იყო,"- აცხადებს ადვოკატი კახა წერეთელი.
პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ მოწმეს ჩვენება არ შეუცვლია, ხოლო "გრინსერვის+"-ის მიერ მერიის საქალაქო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციუა გაყალბებული იყო.
"მისი ჩვენებით დადასტურდება, რომ პროექტის ცვლილებები, რომელიც "გრინსერვის +-ის" დირექტორმა წარადგინა მერიის საქალაქო სამსახურში, არის გაყალბებული. აღნიშნულ ცვლილებებზე დასმულია შპს "ელემსის" ბეჭედი და არქიტექტორების ხელმოწერები თუმცა, აღნიშნული მოწმის ჩვენებით დადასტურდება, რომ ბეჭედი და ხელმოწერები არის გაყალბებული და ელექტრონულად არის გადატანილი აღნიშნულ დოკუმენტებზე.
არანაირი ჩვენების შეცვლას ადგილი არ ჰქონია. როგორც მოწმემ გამოძიების პროცესში განაცხადა ის, უბრალოდ, საქმის კურსში არ იყო გარკვეულ გარემოებებთან დაკავშირებით თუმცა, აქ მთავარი და ამოსავალი არის ის, რომ პროექტის ცვლილებები შპს "ელემსის" არ შეუდგენია, არქიტექტორებს ეს ნახაზები არ დაუმზადებიათ,შესაბამისად, არც დოკუმენტები გაუკეთებიათ. ამდენად, ეს დოკუმენტები არის გაყალბებული,"- აცხადებს პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი.