15 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
სააკაშვილს ეხებოდა კითხვა, თითქოს სასჯელს იხდის პიჯაკების გამო, შევახსენებ ოპოზიციონერებს, თქვენი ბელადი სასჯელს იხდის მძიმე დანაშაულების გამო, რომელმაც ერთ დროს შეძრა ქვეყანა - ღარიბაშვილი

პატიმარ სააკაშვილს ეხებოდა კითხვა, თითქოს იგი სასჯელს იხდის მხოლოდ პიჯაკების საქმის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი სასჯელს იხდის ძალიან მძიმე დანაშაულების გამო, რომელმაც ერთ დროს შეძრა მთელი ქვეყანა.

„კითხვას სვამენ და შემდეგ გარბიან დარბაზიდან. რა ზრდილობაა ან საერთოდ რაზეა საუბარი და ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ მათ სურთ პოლარიზაციის დასრულება, ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნის. რამდენჯერმე დაისვა შეკითხვა და მინდა, განმარტება გავაკეთო ჩვენი საზოგადოებისთვის, თუმცა ამის თაობაზე არაერთხელ გვითქვამს. პატიმარ სააკაშვილს ეხებოდა კითხვა, თითქოს იგი სასჯელს იხდის მხოლოდ პიჯაკების საქმის გამო. შევახსენებ ჩვენს ოპოზიციონერებს, თქვენი ბელადი სასჯელს იხდის ძალიან მძიმე დანაშაულების გამო, რომელმაც ერთ დროს შეძრა მთელი ქვეყანა. ეს იყო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და ამ საქმეზე სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მისი თანამონაწილეობა და ჩართულობა. მეორე საქმეს შეგახსენებთ, ეს არის დეპუტატ ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმა, რომლის შედეგადაც ლამის კაცი ცემით მოკლეს. მესამე საქმე – ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა და მითვისება, წართმევა, აღარ გავაგრძელებ.

და ბოლოს, სამარცხვინოდ შემოპარული, შემოპარული კონტეინერით თქვენი ბელადი, არაჟანთან ერთად, სირცხვილია, ამაზე რომ ვლაპარაკობთ. საზღვრის კვეთის საქმეზე, რომელზეც გრძელდება ძიება. ადამიანმა შეგნებულად საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ. არ ეყო ელემენტარული ღირსება და ვაჟკაცობა, წამოსულიყო, ეყიდა ბილეთი და ჩამოსულიყო, თუ მართლა აპირებდა რამეს. მაგრამ არა, ლაჩრულად შემოვიდა, ისე, როგორც მოიქცა ლაჩრულად აგვისტოს ომის დროს, მიწაზე გართხმული რომ ვნახეთ, გარბოდა, ასევე ლაჩრულად შემოიპარა, მზაკვრული გეგმით, რომ აქ მომხდარიყო სისხლისღვრა, გადატრიალება და ილუზიებში იყო, რომ დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში. ყველას კარგად შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რა უბედურებას დამართებდა ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. ეს არის რეალობა, თუ გინდათ, ამ სიმართლეზე ისაუბროთ, ყოველთვის მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი.

ყოველგვარი თქვენი მავნებლური ქმედებები არის დასრულებული. თქვენ კიდევ ერთხელ დამარცხდით, დამარცხდით სიმართლესთან. თქვენ ნახეთ, როგორი უღირსი კამპანია აწარმოეს, თითქოს მოწამლა ხელისუფლებამ რუსეთის დავალებით, აწამეს, მოკლეს და ა.შ. თქვენ გესმით, რა ჩაიდინეთ საერთოდ? და ამის თაობაზე ზღვარგადასული კამპანია აწარმოეს მთელ მსოფლიოში, დაწყებული CNN-ით, დამთავრებული ათეულობით მედიასაშუალებით მთელ ევროპაში. მე პირადად მითხრეს ევროპელმა კოლეგებმა, მეგობრებმა, რომ შეწუხებული არიან, მათი ოპოზიცია, სხვები, ვიღაცები, მათი ლობისტები, კორუმპირებული ლობისტების მეშვეობით. არ მოვერიდები ამის თქმას. კარგად ვიცით, რა მეთოდებით მართავდა სააკაშვილი და მისი ბანდა, ამ ცილისწამებებით და უსაფუძვლო ბრალდებებით. კიდევ ვიმეორებ, ყველა ეს კამპანია აღმოჩნდა დროებითი. ხომ ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი იყო დროებითი და სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა საბოლოოდ თქვენს ამ ბინძურ ტყუილებს და კამპანიას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები